Loading data...
CNN: ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქება განიხილა, როგორც ირანთან ომის შედეგად გამოწვეული ენერგომატარებლების ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის სასწრაფო ზომების ნაწილი, - ამის შესახებ CNN-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

როგორც მედია წერს, პოტენციური ნაბიჯი მიზნად ისახავს გლობალური ნავთობის მარაგების მხარდაჭერას და ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ფაქტობრივი შეჩერების წინააღმდეგ ბრძოლას, რამაც ბოლო კვირის განმავლობაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა ამ სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვაქვს სანქციები დაწესებული გარკვეულ ქვეყნებზე“ და „ჩვენ ვაპირებთ მოვხსნათ ეს სანქციები, სანამ ვითარება არ გამოსწორდება“.

გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინდოეთს დროებით ნებართვა მისცა, რუსული ნავთობი შეესყიდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლისთვის „მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს“ არ მოიტანს, რადგან ნავთობი ისედაც გამოუყენებლად იდგა სანაპიროსთან ტანკერებში.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მას შემდეგ განიხილეს სანქციების შემსუბუქება, თუმცა საკითხთან დაკავშირებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ასეთი ზომების მასშტაბის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს შეერთებულ შტატებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს მნიშვნელოვანი მოგების მიღების საშუალებას მისცემს.