CNN: ტრამპი ირანში საბრძოლო ოპერაციების განახლებას ბოლო კვირების განმავლობაში უფრო სერიოზულად განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აწარმოებს ირანული მხარე ომის დასრულების მოლაპარაკებებს და, მისი ზოგიერთი თანაშემწის თქმით, ის ახლა უფრო სერიოზულად განიხილავს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების შესაძლებლობას, ვიდრე ბოლო კვირების განმავლობაში, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ტრამპი მოთმინებას კარგავს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასა და ირანის ხელმძღვანელობაში არსებულ განხეთქილებასთან დაკავშირებით, რაც მათ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლაში ხელს უშლის.
თანამოსაუბრეების თქმით, ირანის ბოლო რეაქციამ, რომელსაც ტრამპმა „აბსოლუტურად მიუღებელი“ და „სულელური“ უწოდა, რამდენიმე თანამდებობის პირმა ეჭვის ქვეშ დააყენა, მზად არის თუ არა თეირანი მოლაპარაკებებში სერიოზული პოზიციის დასაკავებლად.
წყაროების ცნობით, ადმინისტრაციაში სხვადასხვა ბანაკი არსებობს, რომლებიც მოქმედების ალტერნატიული გზები შეთავაზებით გამოდიან. ზოგიერთი, მათ შორის პენტაგონის ოფიციალური პირები, უფრო აგრესიული მიდგომის, მათ შორის წერტილოვანი დარტყმების, მომხრეა იმისთვის, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანონ. ზოგიერთები კი კვლავ ცდილობენ, დიპლომატიას შანსი მისცენ.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, რომელიც ოფიციალური პირია, რეგიონის ქვეყნები და პაკისტანი ინტენსიურად ცდილობენ ირანელებს აუხსნან, რომ ტრამპი იმედგაცრუებულია და ეს მათთვის დიპლომატიაში სერიოზული ჩართვის ბოლო შანსია, მაგრამ როგორც ჩანს, ირანი არავის უსმენს ან სერიოზულად არ აღიქვამს.
მისივე თქმით, აშშ და ირანი მოლაპარაკებებისადმი მიდგომაში ორი განსხვავებული ტოლერანტობითა და ვადებით მოქმედებენ და თეირანი ათწლეულების განმავლობაში უძლებს ეკონომიკურ ზეწოლას.
ტრამპი 11 მაისს თეთრ სახლში კვლავ შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა განეხილათ შემდგომი ქმედებების ვარიანტები.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წყაროების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, მიღებული იქნება პრეზიდენტის ჩინეთში სამშაბათს შუადღისას გამგზავრებამდე.