Loading data...
CNN: თეთრი სახლი ირანთან ომის მოსაგვარებლად ამ შაბათ-კვირას პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ შაბათ-კვირას პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობენ, რათა ირანთან ომის მოგვარების საკითხი განიხილონ, - განუცხადა CNN-ს ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა.

ამჟამინდელი გეგმებით პაკისტანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და შესაძლოა, ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც გაემგზავრონ. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, მოსალოდნელი ვიზიტის დრო, ადგილმდებარეობა და დამსწრე პირების სია შეიძლება შეიცვალოს.

ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების პოტენციურ ადგილად თურქეთიც განიხილება, რადგან ზოგიერთი ოფიციალური პირი უსაფრთხოების გამო პაკისტანში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს და ირანს ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც თეირანის ბირთვულ ამბიციებსა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ეხება. 

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თეთრ სახლში გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 მარტს განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მისი წარმომადგენლები - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი - ამჟამად ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უცნობია, გაემგზავრებიან თუ არა რუბიო, კუშნერი და უიტკოფი მოლაპარაკებებზე დასასწრებად.