CNN: ნატოსა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინამ შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების გზა დაკარგოს
ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიღწეული რიგი შეთანხმებების შემდეგ უკრაინას შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უთხრან. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„შეხვედრა ძალიან ფოკუსირებული იყო და სამშვიდობო წინადადებების ყველაზე პრობლემური ასპექტები დეტალურად განიხილეს“, - განაცხადა CNN-ის წყარომ და მიანიშნა, რომ ზოგიერთ სფეროში შესაძლოა, მცირე პროგრესი იყოს მიღწეული.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამშვიდობო წინადადების ერთ-ერთი ყველაზე „პრობლემური ასპექტი“ იყო დებულება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე ოფიციალურად უნდა თქვას უარი.
თუმცა, CNN-ის წყარო იუწყება, რომ მომლაპარაკებლებმა განიხილეს შესაძლო სცენარი, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, ფაქტობრივად, აეკრძალება სამხედრო ალიანსში გაწევრიანება იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა მოილაპარაკონ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და მოსკოვმა.
„უკრაინა არ იქნება იძულებული, ოფიციალურად, იურიდიული თვალსაზრისით, უარი თქვას ამ მისწრაფებაზე“, - დასძინა CNN-ის წყარომ.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ შეერთებული შტატები რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე შეთანხმებას მიაღწევს, ან თუ რუსეთი ნატოსგან გარკვეული გარანტიების მიღებას მრავალმხრივ საფუძველზე მოისურვებს, მაშინ უკრაინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.
CNN-ის წყარომ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დელიკატური კომპრომისის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მას საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ნოემბერს, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ფლორიდაში ახალი მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის ძირითადი ასპექტები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს და დასძინა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა შედეგები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნო. მან აღნიშნა, რომ ღირსეული მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული და რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების პოზიციები დაახლოვდა. ზელენსკიმ ეს დაადასტურა და განაცხადა, რომ მუშაობა გაგრძელდება.