CNN-მა მოიპოვა 2024 წლის ჩანაწერი, სადაც ტრამპი საარჩევნო კამპანიის დონორებს ეუბნება, თუ როგორ დაემუქრა პუტინს მოსკოვის დაბომბვით, თუკი ის უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტდა

CNN-ის ჟურნალისტებმა გასულ წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთი კერძო შეხვედრის აუდიოჩანაწერი მოიპოვეს, რომელშიც ის აღწერს, თუ როგორ დაემუქრა თავისი პირველი ვადის განმავლობაში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს უკრაინასა და ტაივანზე თავდასხმის პოტენციური გეგმების შესახებ. CNN-მა ჩანაწერი 8 ივლისს გამოაქვეყნა.
აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, ეხება ტრამპსა და საარჩევნო შტაბის დონორებს შორის გასულ წელს გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ყველაზე მკაცრი პასუხით ემუქრება, თუ ისინი უკრაინასა და ტაივანში შეჭრას გადაწყვეტენ.
„მე პუტინს ვუთხარი: „თუ უკრაინაში შეხვალ, მოსკოვს ჯოჯოხეთურად დავბომბავ. გეუბნები, რომ არჩევანი არ მაქვს“, - ციტირებს CNN-ი ტრამპის სიტყვებს.
მან განაგრძო, რომ პუტინი მის მუქარას ეჭვით მოეკიდა. „მაგრამ მან 10%-ით დამიჯერა“, - დასძინა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ მან ასევე გააფრთხილა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ტაივანის მიტაცების შესაძლო გეგმების შესახებ და დაემუქრა „პეკინის დაბომბვით“. „მას ეგონა, რომ გიჟი ვიყავი“, - დასძინა ტრამპმა.