CNN: ირანში ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული მოზარდი სიკვდილით დასაჯეს
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists News Agency-ის ცნობით, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოზარდი პირველ აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ვორგანიზაციის ინფორმაციით, 19 წლის არვინ ხეირხაჰანი, რომელიც იანვარში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასობრივი დარბევის დროს დააკავეს, ჩრდილოეთ ირანში მდებარე შაჰრუდის ციხეში სიკვდილით დასაჯეს. სასამართლომ მას ადრე ბრალი წაუყენა „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“.
HRANA-მ ადრე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ირანმა საჯაროდ სიკვდილით დასაჯა კიდევ ორი დემონსტრანტი. მათ ბრალად ედებოდათ, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობა.
ორგანიზაციის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ დისიდენტებისა და დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით გაამკაცრა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
ირანთან ომის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ აფრთხილებდა თეირანს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯის შემთხვევაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განახორციელებდა.