Loading data...
CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა

35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს

როგორც მედია წერს, დაკავებულია ჯესიკა ბოუი.

„მას ბრალი ედება ISIS-ისთვის მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსების მიწოდების მცდელობაში. ბოუი გეგმავდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმსა და ნიუ-იორკის შტატის სენატორებზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის პროკურორის პირველმა მოადგილემ ჯონ სარკონემ.

FBI-ის სპეციალური აგენტის კრეიგ ტრემაროლის განცხადებით, ქალმა ISIS-ისადმი ერთგულება რამდენიმე აუდიოჩანაწერით დაადასტურა და კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე სულ მცირე ხუთჯერ აწარმოებდა დაკვირვებას, რა დროსაც ათობით ფოტო გადაიღო.

მისი თქმით, ბოუიმ იარაღი „კონფიდენციალური წყაროსგან“ შეიძინა და განაცხადა, რომ აპირებდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას „ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც მის შეჩერებას შეეცდებოდა“.

ამასთან, მისივე თქმით, ბოუიმ განაცხადა, რომ მას სურდა „შენობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის განადგურება და სენატორების მოკვლა შეხვედრის დროს“.