Loading data...
CNN: აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-ირანის სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე ძირითადი პუნქტი

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დეტალურად განმარტა აშშ-ირანის სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე ძირითადი პუნქტი და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების მიზნებს ასრულებს.

სამუშაო ჩარჩო მოიცავს შემდეგ პუნქტებს: 👇

1. ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის პორტებზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნას

2. ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟს, მათ შორის ირანის მიერ გამდიდრებული ბირთვული მასალის აშშ-სთვის გადაცემას. ოფიციალური პირის თქმით, ეს მასალა ადგილზე განადგურდება და შემდეგ ქვეყნიდან გაიტანენ

3. ირანი გათავისუფლდება იმ ეკონომიკური ზეწოლის დიდი ნაწილისგან, რომლის ქვეშაც მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუ თეირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს

„ეს სარგებელი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ ისინი რეალურად შეასრულებენ ვალდებულებებს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ირანისთვის ფინანსური შეღავათების დაწესების საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა იყო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეღავათები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც ირანი შეთანხმების შესრულებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ირანელები ვერაფერს მიიღებენ მემორანდუმის ხელმოწერის ან თავად მოლაპარაკებების დასრულებისთანავე. ეკონომიკურ სარგებელს ისინი მხოლოდ თავიანთი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიიღებენ. თუ დაპირებისამებრ დათმობენ ბირთვულ მასალას, მიიღებენ შესაბამის სარგებელს. თუ ისინი მოახდენენ თავიანთი ბირთვული პროგრამების ან ბირთვული ობიექტების დემონტაჟს, დამატებით სარგებელს მიიღებენ. ხოლო თუ რეალურად აიღებენ ვალდებულებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაზე, ამისთვის კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ შეღავათს მიიღებენ“, - აცხადებს ოფიციალური პირი.