Loading data...
„ჩვენთვის ტერიტორიის დათმობა მიუღებელია“ - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს ომის დასრულებას წინაპირობების გარეშე. შეხების ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა „უკრაინის მიწის, ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვა“.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის უბრალოდ ტერიტორიის დათმობა მიუღებელია. რას ნიშნავს საერთოდ ჩვენი მიწის დათმობა? სწორედ ამიტომ ვიბრძვით: ჩვენი ტერიტორიის შესანარჩუნებლად“, - დასძინა მან.

სირსკის თქმით, ის საკუთარ თავს არც კი აძლევს უფლებას, განიხილოს სცენარი, რომლის მიხედვითაც, უკრაინა იძულებული გახდება, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ნაწილი რუსეთს გადასცეს.

„ყველა ომი საბოლოოდ მთავრდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენიც დასრულდება. და როდესაც ეს მოხდება, სამართლიანი მშვიდობა უნდა დამყარდეს. ჩემი გაგებით, სამართლიანი მშვიდობა არის მშვიდობა წინაპირობების გარეშე, ტერიტორიების დათმობის გარეშე. ეს ნიშნავს შეჩერებას ამჟამინდელი შეხების ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.

მან განმარტა, რომ უნდა მოხდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება.

„ნებისმიერი სხვა ფორმატი უსამართლო მშვიდობა იქნებოდა და ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - დაასკვნა სირსკიმ.