ჩვენთან ცენზურა არ არის - გერმანიის მთავრობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უპასუხა

გერმანიის მთავრობამ უარყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც 2024 წელს გერმანიაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს ეხება. ამის შესახებ გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა შტეფან მაიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„გერმანიაში ცენზურა არ არის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სიტყვის თავისუფლების ძალიან მაღალი დონეა და ჩვენ მას ყველა ფორმით დავიცავთ“, - განაცხადა მაიერმა.
ბუნდესტაგის კონსერვატიული ბლოკის ფრაქციის ლიდერმა იენს შპანმა ასევე უარყო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილი მოსაზრებები.
„გერმანიაში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ეს თავისუფალი ქვეყანაა“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს გერმანიაში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა.
ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ანტისემიტიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის, ძალადობის და მუქარის შესახებ სანდო ინფორმაციის არარსებობა“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
მოხსენების დიდი ნაწილი ეხება გერმანიაში სიტყვის თავისუფლების მიმართულებით პრობლემებს. გერმანიის კანონმდებლობა საერთო ჯამში სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა იმ ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებაზე, რომლებსაც ის ექსტრემისტულად თვლიდა.