Loading data...
„ჩვენ თამაშებს არ ვთამაშობთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კრემლის შეთავაზება მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კრემლის შეთავაზება რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა „ამ თამაშებს არ თამაშობს“. მან ასევე დაასახელა ქვეყნები, სადაც შესაძლებელია მოლაპარაკებების გამართვა. 

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს შეიძლება იყოს შვეიცარია, თურქეთი, ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა, თუმცა დასძინა, რომ „პუტინს არ სურს ომის დასრულება“.

როდესაც აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლო თარიღთან დაკავშირებით ჰკითხეს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დისკუსიების ორგანიზება „ძალიან რთულია“. მან აღნიშნა, რომ სურდა, „დიდი შვიდეულის“ სამიტით ესარგებლა პუტინთან შესახვედრად, თუმცა „რუსეთი ამ თვალსაზრისს არ იზიარებს“.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ შეერთებული შტატებისგან დადებითი სიგნალები მიიღეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიხსენა, თუ როგორ შესთავაზა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შვეიცარიაში რუსებთან შეხვედრის ორგანიზება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ რუსებმა ამ წინადადებას არ უპასუხეს.

„პუტინმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს შეგვხვედროდა და ვფიქრობ, ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. ვფიქრობ, რომ, დიახ, ვიცი, მან კვლავ ბევრი წინადადება წამოაყენა სხვადასხვა ლიდერის, ვგულისხმობ პუტინს, მეშვეობით, მოსკოვში ჩასვლის შესახებ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.