„ჩვენ შევთანხმდით, რომ „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს“ - ფიცო ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პარიზში, მსოფლიო ბირთვული ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
როგორც ფიცო აცხადებს, მას და ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე ერთნაირი პოზიცია აქვთ.
ის იხსენებს, რომ სლოვაკეთს უფლება აქვს, მინიჭებული გამონაკლისების საფუძველზე, შეიძინოს რუსული ნავთობი არა მხოლოდ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, არამედ ზღვითაც.
„თუმცა, აქ ჩვენ პრობლემას ვაწყდებით ჩვენს ხორვატ პარტნიორებთან, მაგრამ მე მჯერა, რომ მისი მოგვარება შესაძლებელია“, - ნათქვამია ფიკოს განცხადებაში.
მან ევროკომისიის პრეზიდენტს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები აჩვენა, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უკრაინაში „დრუჟბას“ ნავთობსადენი არ დაზიანებულა და რომ ნავთობის ნაკადის შეჩერება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ „დრუჟბას“ მილსადენის გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ და დასძინა, რომ კომისია მზადაა უზრუნველყოს არა მხოლოდ ტექნიკური დახმარება, არამედ ნებისმიერი სარემონტო სამუშაოს დაფინანსებაც.
როგორც ფიცომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ევროკომისიისა და სლოვაკეთის ორმხრივ ინტერესებშია, გაგზავნონ საინსპექციო ჯგუფი უკრაინაში, რათა დადგინდეს, ნამდვილად დაზიანებულია თუ არა „დრუჟბას“ მილსადენი.
„დრუჟბას“ მილსადენი თუ დაზიანებულია, ის რაც შეიძლება მალე უნდა შეკეთდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. სლოვაკეთი და ევროკომისია მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ექსპერტული რესურსები აღდგენისთვის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.