Loading data...
ჩვენ დავასრულებთ ომს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ყველა მიზანს, მათ შორის „ჰამასის“ განადგურებას - ნეთანიაჰუ NYT-ის მიერ გავრცელებულ მოხსენებას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვის ძალების „ანონიმურ წყაროებს“, რომლებმაც The New York Times-თან საუბარში განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა სურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადაწყვეტილება „ჰამასს“ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს.

„არ ვიცი, ვინ არიან ეს უსახელო პარტიები, მაგრამ მე აქ ვარ იმისთვის, რომ ცალსახად განვაცხადო: ეს არ მოხდება. ჩვენ დავასრულებთ ომს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ყველა მიზანს, მათ შორის „ჰამასის“ განადგურებას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

NYT-ის მიერ გავრცელებული მოხსენების თანახმად, სადაც გამოცემასთან უსაფრთხოების ცხრა ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირი საუბრობს, სამხედრო ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა მძევლების გასათავისუფლებლად, ასევე, იარაღის ამოწურული მარაგებისა და ჯარების შესავსებად ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შესაძლო ომის წინ.

ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას, რომ არმიას აკლია რაიმე, რაც მას პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად სჭირდება.

„ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვს ყველა საშუალება, რათა [მიზნებს] მიაღწიოს. ჩვენ არ დავემორჩილებით დამარცხებას, არც New York Times-თან და არც სადმე სხვაგან. ჩვენ აღვსილი ვართ გამარჯვების სულით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.