Loading data...
ჩრდილოეთ მაკედონიაში წყალმომარაგების სისტემის ბაქტერიული დაბინძურების გამო 3 000-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში 3 000-ზე მეტი ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში წყლის ბაქტერიული დაბინძურებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ DW იტყობინება.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, პრობლემის გამოვლენიდან დღემდე დაფიქსირდა ჯანმრთელობის გაუარესების 3 150 შემთხვევა, რომელთაგან 4 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გოსტივარის პროკურატურამ საქმე აღძრა წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია „კომუნალეცის“ დირექტორისა და კიდევ ორი ტექნიკური ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მათ ედავებიან დაუდევრობას, რის გამოც 22 დღის განმავლობაში წყალმომარაგების სისტემაში საფრთხის შემცველი წყალი ხვდებოდა. თანამდებობის პირები დააკავეს.

სავარაუდოდ, 25 ივნისს მათ გასცეს ბრძანება, რომ ქსელში წნევის შესამოწმებლად ღია წყლის არხში სამი ტუმბო დაემონტაჟებინათ. 16 ივლისს ჩატარებული შემოწმების დროს გაირკვა, რომ ტუმბოები კვლავ მუშაობდა და ბაქტერიებით დაბინძურებული არხის წყალი წყალმომარაგების სისტემაში ჟონავდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ანალიზმა აჩვენა, რომ არხის ზედაპირულ წყლებში კოლიფორმული ბაქტერიების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე დაახლოებით 48-ჯერ მეტი იყო. მცირე კონცენტრაცია წყალმომარაგების სისტემიდან აღებულ წყლის ნიმუშებშიც გამოვლინდა. ამასთან, წყალმომარაგების წყალში ნარჩენი ქლორის შემცველობა ნორმაზე 2-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.

წყალმომარაგების სისტემიდან მიღებული წყლის გამოყენება საკვების მოსამზადებლად და დასალევად აკრძალულია, ვიდრე არ დადასტურდება, რომ წყალი კვლავ უსაფრთხოა.

წყლის ნიმუშების აღება წყალმომარაგების ქსელის სხვადასხვა წერტილიდან გრძელდება, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სამედიცინო დაწესებულებებში, რესტორნებსა და სხვა ადგილებში.