Loading data...
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ურთიერთობას ნატოს აზიურ ვერსიას უწოდებს - Reuters

ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა სამხრეთ კორეის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიმდინარე თვეში გაიმართა და აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა „ნატოს აზიურ ვერსიად“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, წერს Reuters-ი. 

27 ივნისს სამმა ქვეყანამ ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით „Freedom Edge“ („თავისუფლების ზღვარი“), რომელშიც ჩართული იყო საზღვაო გამანადგურებლები, საბრძოლო თვითმფრინავები და აშშ-ის ბირთვული ენერგიის მქონე ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“. ის რაკეტების, წყალქვეშა ნავებისა და საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ფხენიანი არ უგულებელყოფს სამხედრო ბლოკის გაძლიერებას, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ხელმძღვანელობენ, და დაიცავს რეგიონულ მშვიდობას აგრესიული და მტკიცე პასუხით“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო KCNA.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს ძალისხმევას, რომ სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატოს) დაუკავშიროს და დასძინა, რომ სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ამ ძალისხმევის ერთ-ერთი მაგალითია.

თავის მხრივ, სეულის თავდაცვის სამინისტრო ფხენიანის კრიტიკას უარყოფს და აცხადებს, რომ სწავლება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამაზე პასუხი იყო.

ამასთან, სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის უშუალოდ მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც პროტესტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ახლახან გაფორმებული ორმხრივი თავდაცვის პაქტის წინააღმდეგ.

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება. თუმცა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მსგავს გარიგებებს უარყოფენ.