ჩინეთში ირანის ელჩი აცხადებს, რომ პეკინი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოტენციურ შუამავლად განიხილება
ჩინეთში ირანის ელჩმა რაჰმანი ფაზლიმ განაცხადა, რომ პეკინი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოტენციურ შუამავლად განიხილება. ამის შესახებ CNN-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს.
„ჩინეთი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ძალა თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შესამცირებლად, მაგრამ შუამავლობა არ უნდა იქცეს ირანზე ზეწოლის მართვის ინსტრუმენტად“, - განუცხადა ფაზლიმ IRNA-ს.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მაისის დასაწყისში ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი პეკინს 13-15 მაისს ეწვევა. თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ კონფლიქტის მოგვარების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ტრამპის ვიზიტამდე ნაკლებად სავარაუდოა.
ფაზლიმ დასძინა, რომ ჩინეთი „არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორია“, არამედ თეირანის „პოლიტიკური დაბალანსების“ ნაწილია გარე საფრთხეების წინააღმდეგ.
ფაზლის თქმით, არაღჩის ვიზიტი იმ დროს შედგა, როდესაც ირანი აქტიურად ცდილობს, შეცვალოს თავისი დიპლომატიური პოზიცია შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ბოლოდროინდელი კონფლიქტის შემდეგ, უბრალოდ სამხედრო, ან ტაქტიკური რეაგირების ნაცვლად.
„ომის შემდგომი ფაზის მართვისას ირანი არა მხოლოდ დროებით რეაქციებს ეყრდნობა, არამედ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გზით ცდილობს თავისი დიპლომატიური პოზიციების ხელახლა განსაზღვრას“, - განაცხადა ფაზლიმ და დასძინა, რომ „ჩინეთი კრიზისს არა ირანზე ზეწოლის, არამედ ომის შეკავებისა და რეგიონული უსაფრთხოების კოლაფსის თავიდან აცილების პერსპექტივიდან უყურებს“.
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის მიერ სრუტეში მიღებული უსაფრთხოების ზომები უფრო თავდაცვითია, ვიდრე სავაჭრო ურთიერთობების საწინააღმდეგო.
ტრამპის პეკინში ვიზიტის წინა დღეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შავ სიაში 12 ადამიანი და ორგანიზაცია შეიყვანა, რომლებიც ჩინეთში „ირანული ნავთობის გაყიდვისა და გადაზიდვის“ ხელშეწყობაში იყვნენ ჩართულნი.