Loading data...
ჩინეთმა ირანს იემენელი „ჰუსიტების“ შეჩერებაში დახმარება სთხოვა

„ოფიციალურმა პეკინმა თეირანს პირადად სთხოვა დახმარება იემენელი „ჰუსიტების“ შეკავებაში“, - ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩინეთმა ირანს თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ პეკინს მოუწოდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის საკუთარი გავლენა გამოეყენებინა.

მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს საჯაროდ მოუწოდა თავშეკავებისკენ, დიალოგისა და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენისკენ. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თავის მხრივ, თეირანმა პეკინს განუცხადა, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დასრულებაზეა დამოკიდებული.

„ჩინეთს არ სურს, რომ რეგიონული დაძაბულობა კიდევ უფრო გადაეცეს იემენსა და წითელ ზღვას. რეგიონული არასტაბილურობის ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება პატივისცემით უნდა იყოს გათვალისწინებული და სამიზნედ არ უნდა იქცეს მოსახლეობის საარსებო წყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, და საკითხები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრან“, - განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ჰუსიტების“ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.