Loading data...
ჩინეთმა აშშ-ის ათ კომპანიას საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ათ ამერიკულ კომპანიას სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ The Wall Street Jorunal იუწყება.

საუბარია, მათ შორის, იშვიათი ლითონების მწარმოებელ კომპანიებზე. ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა და მას აშშ-ის მიერ ჩინეთის კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებზე პასუხი უწოდა.

სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, შეზღუდვები დაუწესდა კომპანიებს Aveox, Inc., Red Cat Holdings, Inc., Teal Drones, Inc., IMSAR, Jaia Robotics, Inc., Ball Aerospace & Technologies Corp., Oshkosh Defense, L3Harris Maritime Services, Inc., MP Materials Corp., USA Rare Earth, Inc.

ჩინელ მწარმოებლებს ამ კომპანიებისთვის ნებისმიერი ისეთი პროდუქციის მიყიდვა ეკრძალებათ, რომლებიც თავდაცვის მრეწველობაში შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგ. MP Materials აქვს მჭიდრო ურთიერთობები პენტაგონთან და მას აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული იშვიათი ლითონების ერთადერთი საბადო ეკუთვნის.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ „შავ სიაში“ ჩინური კომპანიები შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის ცნობით, ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან არიან დაკავშირებულები. ეს ზომები შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Alibaba, Baidu და BYD. იმავე დღეს ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ 46 ამერიკული კომპანიიდან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება აკრძალა, მათ შორისაა Lockheed Martin, RTX და Boeing Co.

WSJ-ს შეფასებით, ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა დონალდ ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგაც შენარჩუნებულია.