ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: თუ [ახლო აღმოსავლეთში] საომარი მოქმედებები გაგრძელდება და გაძლიერდება, მთელი რეგიონი ქაოსში ჩაიძირება
ჩინეთმა მოუწოდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები.
„მან, ვინც ზარი შეკრა, უნდა იყოს ის, ვინც მას გახსნის კიდეც“, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟაი ჯუნმა დიპლომატიური მოგზაურობის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითს მოიცავდა.
მისი თქმით, ჩინეთი მჭიდრო კომუნიკაციას შეინარჩუნებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და დაუღალავად იმუშავებს დაძაბულობის შესამსუბუქებლად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
ცალკე გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ჯიანმა განაცხადა, რომ ძალის გამოყენება მხარეებს მხოლოდ „მანკიერ წრემდე“ მიიყვანს და რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო.
„თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება და გაძლიერდება, მთელი რეგიონი ქაოსში ჩაიძირება“, - განაცხადა მან.
21 მარტს ტრამპმა თეირანს 48-საათიანი ვადა მისცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.
როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ირანმა ფაქტობრივად დაკეტა საკვანძო საზღვაო გზა, რომლითაც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედის ტრანსპორტირება ხორციელდება, რამაც 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე ნავთობის კრიზისი გამოიწვია.