Loading data...
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპას მოუწოდებს უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩაერთოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა.

„ევროპას სჭირდება გამბედაობა, ესაუბროს რუსეთს. ევროპამ უნდა წამოაყენოს ახალი იდეები და გეგმა, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, – განაცხადა ვან იმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.

ამასთან, ვან იმ ისაუბრა მსოფლიოში არსებულ კონკრეტულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა 60-ზე მეტია.

რაც შეეხება რუსეთის უკრაინაში შეჭრას, ვან ი მიესალმა ფაქტს, რომ „დიალოგისთვის კარი ბოლოს და ბოლოს გაიღო“ და მხარეებს მოუწოდა, „მიაღწიონ ყოვლისმომცველ, მდგრად და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას“.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას, როგორ შეუძლია ჩინეთს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას, ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია შემდეგია: „აუცილებელია პოლიტიკური დარეგულირების პოვნა“ და დიალოგის შენარჩუნება.

ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს.