ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი მხარს უჭერს ირანს მისი სუვერენიტეტის დაცვაში, მოუწოდებს აშშ-სა და ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგასთან აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს თეირანს, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებისგან თავს იცავს.
საუბრისას ვანგმა არაღჩის უთხრა, რომ პეკინი „აფასებს ჩინეთსა და ირანს შორის ტრადიციულ მეგობრობას, მხარს უჭერს ირანს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ღირსების, მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში“.
ჩინეთი „მოუწოდებს აშშ-სა და ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან კონფლიქტის მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელება“, - განაცხადა ვანგმა.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ცალკე სატელეფონო საუბრისას ვანგმა შეერთებული შტატები და ისრაელი „ირანის წინააღმდეგ ომის განზრახ წაქეზებით“ „გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დარღვევაში“ დაადანაშაულა.
„ჩინეთი ასევე მზადაა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი, მათ შორის სამართლიანობის დაცვაში, მშვიდობისკენ სწრაფვაში და ომის შეჩერებაში გაეროს უშიშროების საბჭოს პლატფორმის მეშვეობით“, - განუცხადა ვანგმა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ ალბუსაიდის.
ფრანგ კოლეგასთან ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბარში ვანგმა განაცხადა, რომ მსოფლიო „ჯუნგლების კანონის რეგრესიის“ რისკის წინაშე დგას.
„დიდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, თვითნებურად დაესხნენ თავს სხვა ქვეყნებს მათი სამხედრო უპირატესობის საფუძველზე“, - აღნიშნა ვანგმა.
„ირანის ბირთვული საკითხი საბოლოოდ პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას უნდა დაუბრუნდეს“, - დასძინა მან.