Loading data...
ჩინეთის პრეზიდენტი 7 წლის შემდეგ პირველად ინდოეთში ჩავიდა

„ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჩავიდა, სადაც ორგანიზაცია BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სი ძინპინის ვიზიტი ინდოეთში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა და იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აზიის ორი მეზობელი ქვეყანა ურთიერთობების ფრთხილად აღდგენას ცდილობს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2020 წელს ჰიმალაის სადავო საზღვარზე მომხდარი სამხედრო შეტაკების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაშინ 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი სამხედრო დაიღუპა.

სი ძინპინს აეროპორტში წითელი ხალიჩით დახვდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება სი ძინპინისა და ნარენდრა მოდის მესამე შეხვედრა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

„ჩინეთი მზად არის ინდოეთთან ერთად იმუშაოს, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივიდან შეხედოს, სათანადოდ მართოს არსებული უთანხმოებები და იყოს კარგი მეზობელი და მეგობარი, ასევე ურთიერთდახმარების პარტნიორი“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

BRICS-ში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.