ჩინეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან ერთად დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს - „კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია“
ჩინეთი დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს უკრაინაში ომი.
ამასთან, ჩინეთი შეერთებულ შტატებთან ერთად დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად მოლაპარაკებები რჩება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ჩინეთი მზადაა დიალოგში ჩაერთოს სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა მიაღწიოს მოლაპარაკებებს და მოაგვაროს კონფლიქტი.
„ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა პრესსპიკერმა.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა არც დაადასტურა და არც უარყო ტრამპის ინფორმაცია, რომ მან 17 იანვარს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულებაზე ისაუბრა.
როგორც უკრაინული მედია წერს, გაზაფხულზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უწოდა „უკრაინის კრიზისი“ და განაცხადა, რომ მას „არ უნდა ჰყავდეს გამარჯვებულები და დამარცხებულები“.