ჩეხეთში ულტრამემარჯვენეებმა მმართველი კოალიცია შექმნეს
ჩეხეთში სამი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს. მათი მთავარი ლოზუნგია „სხვა ევროპის“ შექმნა, რომელიც „ნაციონალური სუვერენული ქვეყნების მჭიდრო კავშირი“ იქნება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად ამ ეტაპზე საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებული პარტიის, „უკმაყოფილო მოქალაქეთა აქციის“ ლიდერი, მილიარდერი ანდრეი ბაბიში მოიაზრება, რომელიც ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელი 2017-2021 წლებში უკვე იყო. ბაბიში მთავრობის ფორმირებას დეკემბრის შუა რიცხვებამდე გეგმავს, რათა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებაც მოასწროს.
ბაბიშის პარტიის გარდა, მმართველ კოალიციაში ასევე შედიან პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ და „ავტომობილისტები საკუთარი თავისთვის“. ამ სამმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატის 200 მანდატიდან 108 ადგილი მოიპოვეს.
„თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ევროკავშირიდან ჩეხეთის გამოსვლის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ასევე ის ევროკავშირში მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის. ავტომობილისტების პარტია კი ევროკავშირს აკრიტიკებს, რომელიც ეტაპობრივად შიგა წვის ძრავებზე აურის თქმას აპირებს.
სამი პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლება, რომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს თავზე მოახვიოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ შიდა სუვერენიტეტს აფერხებს,
„უკმაყოფილო მოქალაქეთა აქციის“ ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ კიევისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების პროგრამის შეწყვეტას აპირებს, რომლის დაფინანსება ჩეხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდება.
ამასთანავე, ბაბიში არ იზიარებს პარტნიორი პარტიის იდეას, რომელიც ევროკავშირიდან ჩეხეთის გასვლის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.