Loading data...
ჩეხეთმა და ესტონეთმა დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან

ჩეხეთმა და ესტონეთმა დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები 7 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ე.წ. ინაუგურაციას არ დაესწრებიან. ამის შესახებ European Pravda წერს. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ტელეარხ Nova-ს ეთერში განაცხადა, რომ მთავრობამ ჩეხეთის ელჩი რუსეთში, ვიტესლავ პივონკა გაიწვია და სამშაბათს პუტინის ინაუგურაციას ჩეხეთის წარმომადგენელი არ დაესწრება.

„ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა არ შეესაბამება იმას, რომ  სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი დაესწროს“, - განმარტა ლიპავსკიმ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე ადასტურებს, რომ პუტინის გამოსვლას 7 მაისს არც ესტონეთის წარმომადგენელი დაესწრება. 

„ესტონეთს არ შეუძლია აგრესორ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ლეგიტიმაცია და ჩვენ გადავწყვიტეთ, პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ დავესწროთ“, - თქვა ცაჰკნამ და დასძინა, რომ ტალინი „წარმოუდგენლად მიიჩნევს მონაწილეობას ცერემონიებში, რომლებიც მის [პუტინის] მმართველობას აგრძელებს“.

მედიის ცნობით, ინაუგურაციას ასევე არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და კანადის წარმომადგენლები. ევროკავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რუსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა არ აღიარეს დემოკრატიულად და სამართლიანად, 15-17 მარტს გაიმართა და ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით დასრულდა. მან 88%-იანი მხარდაჭერა მიიღო.