ჩეხეთის პრეზიდენტი: რუსეთს გარკვეული წარმატებები ჰქონდა, მათ მოახერხეს უკრაინული მიწების მიტაცება, მაგრამ ბევრი მსხვერპლის და დანაკარგის ფასად

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი არ ეთანხმება იმ მტკიცებას, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს იგებს. ამის შესახებ მან „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრისას განაცხადა.
პაველს, როგორც გენერალს, სთხოვეს შეეფასებინა ის განცხადებები, რომლის თანახმადაც „რუსეთი ფრონტზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ომს იგებს“.
„გამარჯვებას სხვა ფორმა აქვს. რუსეთს გარკვეული ტაქტიკური წარმატებები ჰქონდა. მათ მოახერხეს უკრაინის ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილის დაკავება, მაგრამ მათ წინსვლამ ბევრი მსხვერპლი და დანაკარგი მოუტანა. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან მაღალი ფასია მიწის მიტაცებისთვის“, - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, უკრაინული ძალები რუსულ მხარეს დიდ ზიანს აყენებენ.
„თუ ომი იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება, როგორც დაიწყო, ის წლების მანძილზე გაგრძელდება და ეს მდგომარეობა ცხადია, ყველასთვის მიუღებელია“, - დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.