Loading data...
ჩეხეთის პრეზიდენტი: რუსეთის პოზიციის გამო მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში ომის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, რუსეთის პოზიციის გამო, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ მან Odkryto-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინას, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნებოდა, ეს ნამდვილად გულუბრყვილობას წარმოადგენდა. ფაქტი, რომ უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა უკვე დიდი წარმატებაა“, - აცხადებს პეტრ პაველი. 

მისივე თქმით, რუსეთს კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა ჯერ არ გამოუვლენია. 

„ამის შესაცვლელად, უკრაინის მოკავშირეებმა მოსკოვზე ზეწოლა უნდა მოახდინონ“, - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის სამშვიდობო შეთანხმების დადების მზადყოფნის შესახებ განაცხადა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა „იმოქმედოს“.

16 თებერვალს, უკრაინის დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 17-18 თებერვალს შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მოლაპარაკებები იგეგმება. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ომის შესაძლო დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი არ შეფერხდება.