Loading data...
ჩეხეთის პრეზიდენტი ბაბიშის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას დათანხმდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ დათანხმდა მოძრაობა ANO-ს ლიდერის ანდრეი ბაბიშის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ინტერესთა კონფლიქტს აღმოფხვრიდა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბაბიშს მადლობა გადაუხადა „მკაფიო და გასაგები მანერისთვის“, რომლითაც მან ინტერესთა კონფლიქტის მოგვარების გზა გამოაცხადა.

„ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ის პრემიერ-მინისტრად დავნიშნო სამშაბათს, 9 დეკემბერს, დილის 9:00 საათზე. ამით პატივს ვცემ პარლამენტის დეპუტატთა პალატის არჩევნების შედეგებს და კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებში აქამდე მიღწეულ პროგრესს“, - დაწერა პაველმა.

როგორც ცნობილია, ანდრეი ბაბიში არის ჰოლდინგ „აგროფერტის“ მფლობელი, რომელიც სუბსიდიებს ევროკავშირისგან იღებს. ბაბიშის ჩეხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

ბაბიშმა განაცხადა, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და პრემიერ-მინისტრობის შესაძლებლობის მისაღებად, სამუდამოდ დათმობს თავის მრავალმილიარდიან კომპანია „აგროფერტს“.