ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იმის გარანტია გასცეს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ არჩევნები მთავრობის შეცვლას გამოიწვევს და ნათლად განაცხადა, რომ შესაძლო ახალი მთავრობის პრიორიტეტების შეფასება, განსაკუთრებით უკრაინის დახმარების კუთხით, ჯერ კიდევ რთულია.
„ამჟამად ჩემი ყველა ძალისხმევა მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან, მათ შორის უკრაინის მიმართ ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის შენარჩუნებაზე. რადგან, ვფიქრობ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა პაველმა.
მან დასძინა, რომ ამ საკითხებს განიხილავს საპარლამენტო პარტიების ყველა ლიდერთან, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, მომავალი მთავრობის ნაწილი იქნებიან.
„მათთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში იგივე პრინციპების შენარჩუნების აუცილებლობა არჩევნების შემდეგაც კი. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა გარანტიებს ვერ გავცემ - ბევრი რამ მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, თავისი ჭურვების ინიციატივითაც - პრაღა აგროვებს ფულს და იმ ქვეყნებთან კავშირების მეშვეობით, რომლებსაც უკრაინის ღია მხარდაჭერა არ სურთ, ყიდულობს მათგან საარტილერიო ჭურვებს და უკრაინას ამარაგებს.
ცნობისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები წელს 3 და 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ახალ კაბინეტში მთავრობის მეთაურის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა „ანო“-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში განიხილება. მისი პარტია არჩევნების წინ რეიტინგში პირველ ადგილზეა.