Loading data...
ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ 2022 წელს რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერის ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების შანსი გარე ჩარევის გამო დაიკარგა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევი და მოსკოვი 2022 წლის აპრილში სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს პროცესი უკრაინის დასავლელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ ჩაიშალა.

ანდრეი ბაბიშმა პირდაპირ დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმაში, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე არ მიიყვანეს.

ბაბიშის თქმით, ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა და ომის სწრაფი დასრულების შანსი დაიკარგა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევა კვლავ გააქტიურდა. ამავდროულად, პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ევროპა მარტო ვერ ახერხებს ომის შეჩერებას. ის დონალდ ტრამპს მშვიდობის მიღწევის მთავარ მოთამაშედ ასახელებს.

„მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ისინი რაღაც სახის გრძელვადიან გადაწყვეტას უახლოვდებიან - ომის დასრულებას და უკრაინისთვის უსაფრთხოების სტაბილური გარანტიების შექმნას. თუმცა ევროპას ამის გაკეთება დონალდ ტრამპის გარეშე არ შეუძლია“, - განაცხადა ბაბიშმა.

ამასთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, ეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის აუცილებელი პირობაა. მან განაცხადა, რომ ევროპის ძირითადი სახელმწიფოების ლიდერებს შეუძლიათ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა შეადგინა იმ ლიდერების სია, რომლებსაც შეუძლიათ, კრემლთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ესენი არიან:

ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი);

ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი);

კირ სტარმერი (გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი);

ჯორჯია მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი).