Loading data...
ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფის დაბლოკვით იმუქრება

ჩეხეთისთვის ევროკავშირის შემოთავაზებული ბიუჯეტი მიუღებელია, განსაკუთრებით უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ნაწილში, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, იუწყება RBC უკრაინა გამოცემა iRozhlas-ზე დაყრდნობით.

უკრაინისთვის ახალი დახმარების კრიტიკის გარდა, ჩეხეთის მთავრობის მეთაური, ასევე, გამოვიდა ჩეხეთის დაფინანსების შემცირებისა და ევროპული ინსტიტუტების შენახვის ხარჯების შემცირების წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის 2028-2034 წლების მრავალწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებული ჩარჩო წარადგინა. ამის მიხედვით, დაფინანსების 204 მილიარდი ევროთი შემცირებაა შეთავაზებული ევროკომისიის თავდაპირველ პროექტთან შედარებით, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა ზედმეტად მძიმე ფინანსურ ტვირთად მიიჩნევს.

თუმცა, ბაბიში არ უჭერს მხარს შემოთავაზებულ ბიუჯეტის შემცირებას. მისი თქმით, ირლანდიის პრეზიდენტი 32 მილიარდი ევროთი შემცირებას გვთავაზობს.

„ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ჩეხეთი თანდათან ზრდის ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანს. ამავდროულად, ბაბიშის თქმით, ახალი წინადადება ქვეყნის დაფინანსების 7.5 მილიარდი კრონით შემცირებას გულისხმობს.

ამასთან, ბაბიში ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფის წინააღმდეგია.

„რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროპის ბიუჯეტიდან?“ - დასძენს ჩეხეთის მთავრობის მეთაური.