Loading data...
ჩეხ ჯარისკაცს, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა, ძარცვის ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა

პრაღის სასამართლომ ყოფილ ჩეხ ჯარისკაცს ფილიპ სიმანს, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა, ძარცვის ბრალდებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ბრალად ედება საომარ ზონაში ძარცვა. 

სახელმწიფო პროკურორმა მარტინ ბილიმ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სიმანის საქმე ისტორიაში პირველი ნასამართლეობაა ამ დანაშაულისთვის, რომელიც უკრაინის ომს უკავშირდება.

განაჩენი საბოლოო არ არის. 27 წლის ფილიპ სიმანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უფროსობის ბრძანებებს ასრულებდა.

„ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, ერთი მხრივ, ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, რომლებიც უკრაინაში თავად გადაიღო, მეორე მხრივ კი - თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე“, - განაცხადა პრაღის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარემ, ჰანა კრესტინოვამ.

ფილიპ სიმანი უკრაინაში 2022 წლის მარტში გაემგზავრა და უკრაინულ მოხალისეთა ბატალიონს შეუერთდა.

უკრაინაში სიმანი მსახურობდა ირპენსა და ბუჩაში, სადაც მას დაევალა სანგრების პატრულირება და ე.წ. „გაწმენდითი ოპერაციების“ ჩატარება. 

სასამართლოს განაჩენის თანახმად, ბრძანებების შესრულებისას და თავისუფალ დროს მან მოიპარა როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე დაღუპული ჯარისკაცების ისეთი ნივთები, როგორებიცაა საქორწინო ბეჭდები, სხვა სამკაულები, ოქროსა და ვერცხლის ზოდები და ნაღდი ფული.

უკრაინის არმიამ სიმანი 2022 წლის აპრილში დააკავა, რის შემდეგაც ის ჩეხეთში დაბრუნდა.  

სიმანს ასევე ბრალი წაუყენეს უცხოურ შეიარაღებულ ძალებში უკანონო მსახურებისთვის, რადგან ის უკრაინაში საომარ მოქმედებებს ჩეხეთის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე შეუერთდა, თუმცა სასამართლომ იგი ამ მუხლით გაამართლა.

მისი სასამართლო პროცესი გასულ თვეში დაიწყო. პროკურორი სიმანისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. შემამსუბუქებელი გარემოება კი ის იყო, რომ ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.