CBS News: შეერთებულმა შტატებმა საბრძოლო მასალების მიწოდება არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჭურვების და საბრძოლო მასალების მიწოდება არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც შეუჩერა. ეს ინფორმაცია CBS News-ს თეთრ სახლში არსებულმა წყარომ მიაწოდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საბრძოლო მასალების მიწოდების შეჩერება მასშტაბურ შემოწმებას უკავშირდება, რასაც პენტაგონი ამჟამად ატარებს. ის დონალდ ტრამპის დავალებით და აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ინიციატივით ტარდება.
რევიზიის მიზანია იმაში დარწმუნება, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს პენტაგონის მოქმედება აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამებოდა.
Politico-ს ცნობით, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერების პარალელურად, კიევი სთხოვს აშშ-ს, რომ ევროპას ამერიკული იარაღის შეძენის უფლება მისცეს. რამდენიმე ევროპული ქვეყანა ამისთვის მზად არის და შესაბამის თანხებს თავდაცვის ბიუჯეტებიდან გამოყოფს.