CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ
CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გეგმავენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპერაციის დასრულება ორშაბათამდე, ანუ ფინანსური ბაზრების გახსნამდე იგეგმება, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ დარტყმებმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს, როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე. ოპერაციის საბოლოო ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.
რამდენიმე ამერიკული წყაროს ცნობით, ისრაელის მხარე ინფორმირებულია და პროცესს შეერთებულ შტატებთან ათანხმებს. ამავე წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს დარტყმების განხორციელებაზე საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაუცია.
ერთობლივი ოპერაცია ისრაელის საბრძოლო მოქმედებებში დაბრუნებას ნიშნავს, რაც აშშ-ის შუამდგომლობით მიღწეული ზავის პერიოდში იყო შეჩერებული. ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩაშლისა და ივლისის დასაწყისში აშშ-ის მიერ საბრძოლო ოპერაციების განახლების შემდეგ, ირანს ისრაელზე დარტყმა არ განუხორციელებია.
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის გეგმა 31 ივლისს კემპ-დევიდში პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განიხილეს. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, თეთრი სახლის ზოგიერთი პოლიტიკური მრჩეველი ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.