Loading data...
ბუდანოვმა დაასახელა ერთადერთი პირობა, რომლის შემთხვევაშიც რუსეთი უკრაინისა და მსოფლიოსთვის საფრთხე აღარ იქნება

უკრაინამ უნდა აღმოფხვრას რუსეთის იმპერიული ამბიციები და ის ცივილიზებულ ქვეყნად აქციოს, რათა თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს და შეამციროს საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსთვის, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა არაბულ გამოცემა „ალ-მოდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

მისი თქმით, 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი „ყველა ასპექტით გაღარიბდა: ეკონომიკურად, პოლიტიკურად და დემოგრაფიულად“.

„ერთადერთი, რაც უცვლელი დარჩა, მისი იმპერიული ამბიციებია. და სწორედ ეს უნდა აღმოიფხვრას სრულად, რათა რუსეთი ცივილიზებულ ქვეყნად იქცეს. შევძლებთ კი ამის მიღწევას? რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანია. სამწუხაროდ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი შიდა ფაქტორების გამო ცვლილებებს განიცდის, ამასობაში კი უკრაინამ თავად უნდა შექმნას პირობები, რომლის დროსაც აგრესორი ქვეყანა იმპერიის სახით გაქრება.

„საერთო ჯამში, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ცარისტული, ან საბჭოთა ეპოქის პოლიტიკისგან. ასევე, არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი კვლავ შეიცვლება შიდა ფაქტორების გამო. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომლითაც რუსეთი გაქრება, როგორც იმპერია“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის შემადგენლობაში უნდა წარმოიშვას რამდენიმე რეგიონული ეროვნული სახელმწიფო, „რომელთაგან თითოეული თავისი ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებს“.

„მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობენ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო თავს უფრო უსაფრთხოდ“, - განაცხადა მან.