ბუდანოვი: უკრაინა-აშშ-რუსეთის მორიგი მოლაპარაკება მიმდინარე კვირას გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირას გაიმართება. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
„ეს შეხვედრა, სავარაუდოდ 26 ან 27 რიცხვში გაიმართება, პლუს მინუს ორი დღე. ეს ინფორმაცია ოფიციალურად უკვე გავრცელდა“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის გამართვა, რათა საკვანძო თემა - ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს, ბუდანოვმა უპასუხა, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხს აყენებს, მაგრამ რუსეთისგან კონკრეტული პასუხი არ ყოფილა.
ბოლო შეხვედრა უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის გასულ კვირას ჟენევაში გაიმართა.
ბოლო შეხვედრის კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მექანიზმზე პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში წინსვლა ვერ მოხერხდა.