ბუდანოვი: მოკავშირეები უკრაინას სთხოვენ, შეზღუდოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები
უკრაინის უცხოელმა პარტნიორებმა, გლობალური ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, კიევს სთხოვეს, შეარბილოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა იღებს „გარკვეულ სიგნალებს“ დარტყმების შემცირების აუცილებლობის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნებისგან.
ბუდანოვმა ასევე არ დააკონკრეტა, მზად არის თუ არა უკრაინა, შეცვალოს ტაქტიკა პარტნიორების მოთხოვნის საპასუხოდ. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის გარშემო კონფლიქტი მალე დასრულდება.
ენერგორესურსების ფასების ზრდა დაკავშირებულია ირანის გარშემო კონფლიქტის ესკალაციასთან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ჰორმუზის სრუტის დახურვა, რომელიც მსოფლიო ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტია.
ამ ფონზე, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა შესაძლოა, ბაზარზე კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს.