Loading data...
ბუდანოვი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შორის რუბიო და კელოგი ის ადამიანები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშ უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით შეიცვალა. თუმცა ის, პირველ რიგში, აშშ-ის ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გამოცემა Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არავის პოზიცია არ შეიძლება, უცვლელი დარჩეს. ის გარემოებების, ან ახალი ინფორმაციის გავლენით იცვლება. ამაზე ბევრ ფაქტორს შეუძლია, გავლენა მოახდინოს. შეიცვალა თუ არა დონალდ ტრამპის პოზიცია? - დიახ და არა. ის არასდროს ყოფილა უკრაინის მოწინააღმდეგე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკული იარაღის პირველი პარტიები მისი პირველი ვადის დროს მივიღეთ“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ტრამპის პოზიცია „გონივრულად პროუკრაინული“ უნდა იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„კიდევ ერთი საკითხია, რომ ჩვენ შეგვიძლია და უნდა მოვახდინოთ გავლენა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე - დიპლომატიის გზით, მის წრეში კონტაქტების გზით. სწორედ ამან იმოქმედა მისი პოზიციის ევოლუციაზე უკრაინისთვის დახმარების საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დროს უკრაინისა და აშშ-ის ინტერესებს შორის ბალანსი მოიძებნა“, - დასძინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ბუდანოვმა განაცხადა, რომ ტრამპის გუნდში უკრაინის მტრები არ არიან. მან აღიარა, რომ მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის დახმარების მიმართ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშ საკმარისს არ აკეთებს.

„ამ მხრივ, პირველ რიგში, შეგვიძლია, დავასახელოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. მათი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია - უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების ნაწილია. ამიტომ, ის უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად“, - დააზუსტა ბუდანოვმა.