Loading data...
ბუდანოვი აღდგომის შემდეგ ამერიკული დელეგაციის კიევში ჩასვლას ელოდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ ამერიკული დელეგაცია კიევში აღდგომის შემდეგ ჩავა, - ამის შესახებ მან Bloomberg-ს განუცხადა.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაცია შესაძლოა კიევს 12 აპრილის შემდეგ ეწვიოს.

„კუშნერი, უიტკოფი, ლინდსი გრეჰემი - ეს ისინი არიან, ვისაც ელოდებიან. კიდევ ვინ იქნება იქ - ვნახოთ“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ უკრაინამ შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს.

„ჩვენ დიდი ხნის წინ განვსაზღვრეთ, თუ რა გვსურს. ვფიქრობ, ეს მალე განხორციელდება. რა მოხდება შემდეგ, ეს სხვა საკითხია. თუმცა, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ჩვენ უდავოდ მივაღწიეთ პროგრესს - ჩვენ უკვე წინ მივდივართ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.