ბრიტანულმა დაზვერვამ გააანალიზა სივერსკის და პოკროვსკის გარშემო არსებული ვითარება
ბრიტანულმა დაზვერვამ დონეცკის რეგიონში, სივერსკისა და პოკროვსკის გარშემო არსებული ვითარება გააანალიზა.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის სახმელეთო ძალები ამინდის პირობების გამოყენებით ცდილობენ სივერსკში შეღწევას და, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გარკვეული პოზიციების დაკავება მოახერხეს.
ამავდროულად, ანალიზში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ძალები აგრძელებენ ბრძოლას ქალაქის დასავლეთ რაიონებისთვის და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მტკიცება ქალაქზე „სრული კონტროლის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„სივერსკი დიდი ხანია რუსული ძალების სამიზნეა, რომლებმაც რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს ქალაქზე შტურმი. სივერსკი იცავდა დონეცკის ოლქის უფრო დიდ ქალაქებს - სლავიანსკსა და კრამატორსკს, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა ბრიტანულმა დაზვერვამ.
ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები კვლავაც შეზღუდული შესაძლებლობებით აგრძელებენ პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში რეიდების ჩატარებას.
ბრიტანულმა დაზვერვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ძალები ფრონტის ხაზზე ინტენსიური ოპერაციების დროს კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს და, სავარაუდოდ, 2025 წელს მათ დაახლოებით 395 000 დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ.