ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი: იზრდება რისკი, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ბრიტანეთს, ჩვენი ქვეყნის შვილები ბრძოლისთვის მზად უნდა იყვნენ
არსებობს მზარდი რისკი იმისა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოს შეუტიოს და ქვეყნის შვილები ბრძოლისთვის მზად უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, მარშალმა სერ რიჩარდ ნაიტონმა განაცხადა.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა იზრდება და ეს საშიშია, რადგან რუსული ჯარები უკვე გამოცდილი არიან ბრძოლებში მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებენ.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნებიან დაცვის პირველი ხაზი ნატოს დანარჩენ წევრებთან ერთად, მაგრამ მთელმა საზოგადოებამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა მდგრადობის აღდგენაში.
„სიტუაცია უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩემი კარიერის განმავლობაში წარმომედგინა და მშვიდობის ფასი იზრდება. ჩვენი რეაგირება უნდა გასცდეს უბრალოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ის მოითხოვს ეროვნულ რეაგირებას, რომელიც ააშენებს ჩვენს თავდაცვით სამრეწველო შესაძლებლობებს, განავითარებს ჩვენთვის საჭირო უნარებს, გამოიყენებს იმ ინსტიტუტების ძალას, რომლებიც ომის დროს დაგვჭირდება, უზრუნველყოფს და გაზრდის საზოგადოებისა და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მდგრადობას“, - დასძინა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.