ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები - მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში შეშფოთება გამოხატეს ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაციით და მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მკვლელობას“, – აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებით, „ირანის ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე – დაუშვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება შურისძიების შიშის გარეშე“.
„მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.