Loading data...
ბორის პისტორიუსი: გერმანიის არმია ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებს!

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, „გერმანია ომის მხარეს არ წარმოადგენს“.

მისი თქმით, გერმანიის არმია ომში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ქალბატონებო და ბატონებო, გერმანიის არმია ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებს. გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ვითარების დეესკალაციას და შეაჩეროს ძალადობის შემდგომი გავრცელება. კვირას ვესაუბრე ჩემს ისრაელელ კოლეგას. ასევე, კონტაქტზე ვარ ამერიკულ პენტაგონთან და ჩემს ევროპელ კოლეგებთან“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ბორის პისტორიუსმა ირანს თავდასხმების შეწყვეტისა და კონფლიქტში სხვა სახელმწიფოების ჩართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ირანს, შეწყვიტოს თავდასხმები, თავი შეიკავოს კონფლიქტში სხვა სახელმწიფოების ჩათრევისგან და დაასრულოს დაუფიქრებელი და ზოგჯერ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმები, მათ შორის სამოქალაქო სამიზნეებზე“, – განაცხადა პისტორიუსმა.

ამასთან, მისივე თქმით, ისტორია მოწმობს, რომ ომების დაწყება გაცილებით ადვილია, ვიდრე მათი დასრულება.

„ილუზიაა იმის დაჯერება, რომ რეგიონში კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ სამხედრო ძალითა და ცალმხრივი ქმედებებით შეიძლება. ჩვენს ამერიკელ და ისრაელელ კოლეგებთან ამის ხაზგასმა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა პისტორიუსმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპელები უმოქმედოდ არ უნდა იყვნენ, დისკუსიაში უნდა ჩაერთონ და განსაზღვრონ, რისი გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დამშვიდდეს.