Loading data...
ბორის ჯონსონი: დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ ჯარისკაცები

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ ჯარისკაცები უკრაინაში. ამის შესახებ ჯონსონმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

„ჩვენ თუ შეგვიძლია, გვქონდეს გეგმა ომის შემდეგ ჯარების განლაგების შესახებ მას შემდეგ, რაც პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ, რატომ არ გავაკეთოთ ეს ახლავე?“ – განაცხადა ჯონსონმა. 

მანამდე კი, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, დასავლელ მოკავშირეებს რომ მეტი ყურადღება მიექციათ პუტინის მზარდ აგრესიაზე და 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე გულისხმობს თუ არა ის, რომ ბრიტანეთის და სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარები ახლავე უნდა გაემგზავრონ უკრაინის უსაფრთხო რაიონებში, მან დადებითად უპასუხა.

„ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავგზავნოთ იქ მშვიდობიანი სახმელეთო ჯარები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. 

ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე ეხება იმას, არის თუ არა უკრაინა თავისუფალი ქვეყანა. ის თუ რუსეთის ვასალური სახელმწიფოა, რასაც პუტინი ისახავს მიზნად, მაშინ, ცხადია, პუტინი წყვეტს, ვინ ჩავა მის ქვეყანაში, თუ არა, ეს გადაწყვეტილება უკრაინელებს ეკუთვნით,“ – დასძინა ჯონსონმა.