ბორის ჯონსონი: ბრიტანეთმა უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად ახლავე უნდა გაგზავნოს
„დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაგზავნონ უკრაინაში სახმელეთო ჯარები არასაბრძოლო მისიების შესასრულებლად“, - შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, შევლენ თუ არა უკრაინაში მოკავშირე ქვეყნის ძალები, უკრაინელების გადასაწყვეტია და არა პუტინის.
„თუ შეგვიძლია გვქონდეს გეგმა ომის შემდეგ ჯარების განლაგების შესახებ მას შემდეგ, რაც პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ახლავე? ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავგზავნოთ იქ მშვიდობიანი სახმელეთო ჯარები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ. ეს პოლიტიკური საკითხია. საქმე ეხება იმას, არის თუ არა უკრაინა თავისუფალი ქვეყანა. თუ ის რუსეთის ვასალური სახელმწიფოა, რასაც პუტინი ისახავს მიზნად, მაშინ, ცხადია პუტინი წყვეტს, ვინ ჩავა მის ქვეყანაში. თუ არა - გადაწყვეტილება უკრაინელებს ეკუთვნით“, - განაცხადა ჯონსონმა.