Loading data...
ბორელი: ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულები არიან, დაკავების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულონ

ევროკავშირის მთავრობებს არ შეუძლიათ აირჩიონ, შეასრულონ თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერები ისრაელის ორი ლიდერისა და „ჰამასის“ მეთაურის წინააღმდეგ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წერს Reuters-ი. 

„სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის კონვენციას, ვალდებულები არიან, განახორციელონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არ არის არჩევითი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 

მისივე თქმით, იგივე ვალდებულება ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ.

„ძალიან სასაცილო იქნება, თუ ახალბედებს ისეთი ვალდებულება ექნებათ, რომელსაც ამჟამინდელი წევრები არ ასრულებენ“, - უთხრა მან Reuters-ს.

შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) გადაწყვეტილება უარყო, ისრაელმა კი განაცხადა, რომ სასამართლოს ნაბიჯი „ანტისემიტურია“.

„ყოველთვის, როცა ვინმე არ ეთანხმება ისრაელის ერთი მთავრობის პოლიტიკას - (მათ) ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. მე მაქვს უფლება, გავაკრიტიკო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებები, იქნება ეს ბატონი ნეთანიაჰუ თუ ვინმე სხვა, ანტისემიტიზმში დადანაშაულების გარეშე. ეს მიუღებელია, საკმარისია“, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.