„ბოლოჯერ მოვაწერე ხელი“ - პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტზე
„მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რადგან არ მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც ქაოსს იწვევს, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინელებისთვის დახმარების შესახებ ამ კანონპროექტს ბოლოჯერ მოვაწერე ხელი“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა. მის განცხადებას გამოცემა kresy.pl ციტირებს.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა დახმარების სისტემის გამარტივების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ „უკრაინელებს ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც ნებისმიერ სხვა ეროვნულ უმცირესობას“.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოწერა კანონში შესწორებას, რომლის მიხედვითაც დახმარების მისაღებად უკრაინელი მშობლები უნდა მუშაობდნენ პოლონეთში და მათი შვილები პოლონურ სკოლაში სწავლობდნენ.
დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ყოველთვიურად მინიმუმ 2,333 ზლოტს (მინიმალური ხელფასის 50%-ს) გამოიმუშავებენ.
ასევე შეიზღუდა უკრაინელებისთვის ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, კანონი საშუალებას აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს, პოლონეთში ლეგალურად 2026 წლის 4 მარტამდე დარჩნენ.