Loading data...
ბოლო საჰაერო იერიშის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა ძალებმა 420 დრონი და 39 რაკეტა გამოიყენეს

25-26 თებერვალს, ღამით რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს 420 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა იყო გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, შეტევის დროს გამოყენებული საჰაერო მიზნების უმეტესობა ჩამოგდებული იყო.

„რუსეთმა შეტევა განახორციელა კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კორპუსებზე. გამოყენებული იყო 420 დრონი, ძირითადად „შახედები“, სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა, მათ შორის 11 ბალისტიკური ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან. დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინის 8 ოლქში.

უკრაინის ძალების ცნობით, რუსეთმა „ცირკონის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერის“ ტიპის 11 რაკეტა, 24 ფრთოსანი რაკეტა Х-101, 2 მართვადი რაკეტა Х-69 და 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. წინასწარი ინფორმაციით, 374 დრონი, 2 საავიაციო რაკეტა, 24 ფრთოსანი რაკეტა და 4 ბალისტიკური რაკეტა განადგურებული იყო.