„ბლუმბერგი“ - აშშ-მა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას მოუწოდა, არ გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად
„ამერიკის შეერთებულ შტატებს მცდელობა ჰქონდა დაერწმუნებინა რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომ არ დაეჭირათ მხარი პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის სასარგებლოდ“, - ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ რამდენიმე ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინისთვის აქტივების {ძირითადად რუსეთის ცენტრალური ბანკიდან} გადაცემამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მოსკოვის მზადყოფნაზე, დაიწყოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებები.
როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ქვეყანაა მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილი: უნგრეთი და სლოვაკეთი. ამასთან, ბელგიაც ეწინააღმდეგება რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის დასახმარებლად.
ევროპაში გაყინული რუსული აქტივების კიევის დასახმარებლად გამოყენების საკითხი, სავარაუდოდ, 19 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე განიხილება.
ოქტომბერში გამართულ წინა სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, მაშინ შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 დეკემბერს უკრაინისთვის 2026-2027 წლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების შესახებ განაცხადა.
ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად ბელგიაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე გადაწყვეტილება ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვას გულისხმობს.