Loading data...
Bloomberg: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები პირველად გამოიყენა

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები პირველად გამოიყენა. ამის შესახებ Bloomberg-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

პროკრემლისტური ტელეგრამ არხის, Rybar-ის ცნობით, Storm Shadow-ის ნამსხვრევები კურსკის ოლქში აღმოაჩინეს, ხოლო ქალაქ ეისკის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. 

Defense Express-ის ინფორმაციით, კურსკის ოლქში Storm Shadow-ის რაკეტებით იერიში შესაძლოა განხორციელებულიყო კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტზე. აღნიშნულია, რომ თავდასხმის დროს იქ ჩრდილოეთ კორეის გენერლები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტების თქმით, შეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ მისი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის რაკეტები. 

როგორც Bloomberg-ი წერს, დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვის საპასუხოდ, უკრაინას უფლება მისცა, Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ომში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა შეაფასა, როგორც კონფლიქტის ესკალაცია.

ჟურნალისტების ცნობით, ამ კვირაში ბრაზილიაში G20-ის ლიდერების სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა იყო. თუმცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ამ ნაბიჯს მხარი საჯაროდ არ დაუჭირა.